მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მოხუცთა თავშესაფრის მშენებლობა წილკანში

მცხეთის მუნიციპალიტეტმა აშშ-ის საელჩოს თავდაცვითი ურთიერთობის ოფისის ოფიცრებსა და აშშ-ის ევროპული მთავარსარდლობის წარმომადგენლებს უმასპინძლა. 

ორმხრივი ურთიერთობის ოფიცერმა მაიორმა დანიელ სეკულამ და პროექტის მენეჯერმა თამარ რურუამ, სხვა სტუმრებთან ერთად, ფრეზეთისა და წილკანის დევნილთა დასახლებებში მათ მიერ უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტები მოინახულეს.

აშშ-ის წარმომადგენლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ განხორციელებული პროექტების შედეგები დეტალურად გააცნეს და მათ მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს. 

წილკნის დევნილთა დასახლებაში მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფრის საძირკველი, რომლის საგრანტო ღირებულება დაახლოებით 820 000 აშშ დოლარია, შემოდგომით გაიჭრა და სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. 

ამასთან, მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში სასმელი წყლის ჭაბურღილისა და სისტემების მშენებლობის პროექტზე, რომლის ღირებულება 400 000 აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. პროექტი გასულ ზაფხულს დასრულდა და შედეგად, ათობით ოჯახის სასმელი წყლით მომარაგების მდგომარეობა გაუმჯობესდა.

პროექტების მონახულების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აშშ-ს მხარესა და ა(ა)იპ "ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანებას" შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოებისათვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლოდ რეგიონით დაინტერესების იმედი კვლავაც გამოთქვეს. შეხვედრის დასასრულს მხარეები მჭიდრო და კოორდინირებულ თანამშრომლობაზე კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018