მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი სოფელ პატარა ქანდის სრულად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლას ესტუმრა და ადგილზე არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო.
ამასთან, მუნიციპალიტეტის მერი, შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, სკოლაში გამართულ ღონისძიებასაც დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ პატარა ქანდის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი, ბიზნესმენ ვაჟა უსანეთაშვილის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, 2019 წელს განხორციელდა. დიმიტრი ზურაბიშვილის განცხადებით, ეს საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული ურთიერთანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში განახლდა სახურავი, გამოიცვალა წყალგაყვანილობა, გაკეთდა თბოიზოლაცია, გარემონტდა სველი წერტილები, საკლასო ოთახები, დერეფნები, ბიბლიოთეკა და სპორტული დარბაზი, შემოიღობა ეზო, მოეწყო რეკრეაციული სივრცე, ღია სპორტული მოედანი და სავალი ბილიკები.
პატარა ქანდის საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული პროექტი სკოლის გაფართოებასაც მოიცავდა. კერძოდ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე აშენდა დამატებითი ფართი, სადაც მოეწყო თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი საკლასო ოთახები, რესურს ოთახი, სამასწავლებლო, ადმინისტრაციის კაბინეტი და სააქტო დარბაზი. სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ ჯამში 450 000 ლარი შეადგინა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განახლებული შენობა 200 მოსწავლეზეა გათვლილი და ის სრულად ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის.
სოფელ პატარა ქანდაში სასკოლო ინფრასტრუქტურა, ასევე, მოინახულეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ ფოლოდაშვილმა, მუხრანის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა ბაქრაძემ და ბიზნესმენმა ვაჟა უსანეთაშვილმა.