მოსული უხვი ნალექის გამო, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საავტომობილო გზებზე გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. უამინდობისგან გამოწვეული პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველა აუცილებელი ღონისძიება ტარდება. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი უწყებები ადამიანური და ტექნიკური რესურსით.
საგურამოში იმყოფებიან მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი კაპანაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ისინი გაწმენდით სამუშაოებს მონიტორინგს პირადად უწევენ და არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ.
"კოორდინაციაში ვიმყოფებით ყველა შესაბამის უწყებასთან. პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად ძალ-ღონეს არ ვიშურებთ. გაწმენდითი სამუშაოების გარდა, ამინდის გაუმჯობესებისთანავე, ჩატარდება სხვა ღონისძიებებიც. მათ შორის შესაბამისი კომისიის მიერ დაითვლება ზარალი," - განაცხადა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა.
მოსულმა უხვმა ნალექმა, საგურამოში, ასევე, შექმნა ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა. აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი სამსახური უკვე ინფორმირებულია და შესაძლებლობისთანავე, დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.