მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი კომპანია „ტიმეოს“ ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა.
საწარმოს გახსნის ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი ესწრებოდნენ.
კომპანია „ტიმეო“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით სარგებლობს და პროგრამის ფარგლებში 1.5 მილიონი ლარის ოდენობის სესხი მიიღო.
კომპანიამ ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმოს ასაშენებლად დაახლოებით 7 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.
უმაღლესი სტანდარტების ქარხანას, მინიჭებული აქვს უნიკალური საწარმოს კოდი და CE სერთიფიკატი. საწარმოში ამ ეტაპზე 100 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის ადგილობრივები.
წილკანში მდებარე ლოკოკინების ახალი საწარმო, რომლის ანალოგიც რეგიონში არ არსებობს, ყოველწლიურად 1000 ტონა ლოკოკინას გადაამუშავებს და მიღებულ პროდუქტს მთლიანად ექსპორტზე გაიტანს საფრანგეთში.