მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, იაპონიის ელჩს საქართველოში იმამურა აკირას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძეს, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანნა ჩერნიშოვას და ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელს დავით ალადაშვილს უმასპინძლა.
შეხვედრაზე, სატყეო რეფორმის განხორციელებაზე ისაუბრეს. იაპონიის მთავრობისა და UNDP-ის ხელშეწყობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში სამი ახალი საქმიანი ეზო ამოქმედდება და ხე-ტყის დამზადების გარემოსადმი მეგობრული პრაქტიკა დაინერგება.
სოფელ ჯიღაურაში სრულად აღჭურვილი საქმიანი ეზო აშენდება, ხოლო ძეგვსა და ქვემო ლისში უკვე არსებული საქმიანი ეზოები ახალი ტექნიკით აღიჭურვება. ამის შედეგად, 43,000 ადამიანი მიიღებს მდგრადი გზით დამზადებულ ბიომასას, რომელსაც ყოველდღიური საჭიროებისთვის გამოიყენებს, ხოლო ულამაზესი ტყე გაჩეხვას გადაურჩება.
ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან და მცხეთის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.
იაპონიის მთავრობის 920,000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან და ხელს უწყობს საქმიანი ეზოების შექმნას და გამართვას.