28 ივლისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროექტის “საბაზისო და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მოწყობა თბილისის ეროვნულ პარკში“ და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.
განხილვას დაესწრო მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, პირველ მოადგილესთან გივი გიუტაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილთან, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად.
საქართველოს მთავრობის პროექტის - „ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამა“ ფარგლებში, თბილისის ეროვნულ პარკში ეკოტურიზმის განვითარება იგეგმება, რომელსაც საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩართულობით განახორციელებს.
მასშტაბური პროექტის ფარგლებში, თბილისის ეროვნულ პარკში, საქართველოში პირველად, ამერიკული სტანდარტის შესაბამისი ეკოტურისტული სივრცე მოეწყობა 300 კმ-მდე სიგრძის ეკოტურისტული ბილიკების ქსელითა და თანმდევი ინფრასტრუქტურით - ვიზიტორთა ცენტრი, 3 ტურისტული კოტეჯი, საპიკნიკეები.
საგურამოში ვიზიტორთა ცენტრი ზედაზნის გზის მე-4 კილომეტრიდან 15 მეტრში მოეწყობა. ვიზიტორთა ცენტრის სიახლოვეს, დაგეგმილია 250 მ2 ფართობის ავტოსადგომის მოწყობაც.
საფეხმავლო (სალაშქრო) ბილიკების ქსელის მოწყობა გათვალისწინებულია საგურამოს, იალნოს და საბადურის მთიანი, ტყით დაფარული ტერიტორიების სამხრეთ და ჩრდილოეთ ფერდობებზე.
ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე www.mdf.org.ge .
დამატებითი ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/3S2eMFF .