14 იანვარს, საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი კაპანაძის,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გელა ბაქრაძის, მცხეთის მერის პირველი მოადგილის გივი გიუტაშვილის, მოადგილეების მარინა ზურაბიშვილის და ოთარ ჩხეიძის, ასევე მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მონაწილეობით, სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია მცხეთის მუნიციპალიტეტის წინ გაიმართა. ცერემონიაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურის ცენტრის "სვეტი" ანსამბლ „მცხეთა“-ს მიერ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და მრავალჟამიერი.
საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა, საქართველოს სახელმწიფო დროშად 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა “საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი მიიღო. საქართველოს სახელმწიფო დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია მაცხოვრის და ოთხი მახარობლის სიმბოლური გამოსახულებაა.
"ეს დღე ეროვნული დღესასწაულია. სახელმწიფო დროშა თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის საკუთრება და ღირსების სიმბოლოა.მოქალაქეებს მოგიწოდებთ, ავტომანქანებსა და სახლის სახურავებზე სახელმწიფო დროშები აღმართოთ ან დროშა ფანჯრიდან გადმოფინოთ " – ვკითხულობთ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განცხადებაში.