აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან დიმიტრი ზურაბიშვილთან და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად საგურამოს ესტუმრა. მათთან ერთად ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ ახალგორისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.
რეგიონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი მოინახულა და მისი ცხოვრების შესახებ საინტერესო ისტორიები მოისმინა. ამასთან, საუბრისას თავადვე აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობა ილიასეულ პროდასავლურ პრინციპებზე დგას.
თავის მხრივ, მწერლის ცხოვრებასა და მრავალმხრივ საქმიანობაზე ისაუბრეს მუზეუმისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. მათი განცხადებით, ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ფასდაუდებელია, ის თავდადებით იბრძოდა ჩვენი უკეთესი მომავლისთვის და მის ამაგს ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს.