მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდის გზის მონაკვეთზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება დასრულდა

სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ შერჩეულმა კომპანიამ, გერმანელ და ავსტრიელ სპეციალისტებთან ერთად, გეოლოგიური კვლევა, პროექტირება, შემაჩერებელ-გასამაგრებელი სამუშაოები და ყველა სხვა შესაბამისი ღონისძიება განახორციელა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება. 

ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდის გზის მონაკვეთზე დასრულებული მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს. 

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გასულ ზაფხულს მეწყრული პროცესები განვითარდა და ტყის მასივი ჩამოიშალა. პრობლემა საკმაოდ მასშტაბური და რთული იყო. ამიტომ, მისი მოგვარება მყისიერ რეაგირებას, სიფრთხილეს, შესაბამისად, გარკვეულ დროსა და ქმედით ნაბიჯებს საჭიროებდა.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, სამშენებლო კომპანიამ სხვადასხვა სახის სამუშაო განახორციელა. მათ შორის ადგილზე მოეწყო რკინა-ბეტონის კედელი, დაახლოებით 5 000 კვ.მ.-ზე კი დამაგრდა მავთულბადე ანკერებით. 

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შედეგად, ამ ეტაპზე გზა გახსნილია და მოსახლეობას უსაფრთხო გადაადგილება შეუძლია.


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018