მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მერიას ნარჩენების გადამზიდი ახალი მანქანა გადაეცა.

იაპონიის მთავრობისა და საელჩოს მხარდაჭერით, ორგანიზაციამ - „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის  მეგობრები-საქართველო“ - მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის ნარჩენების შემკრები მანქანა შეიძინა.

პროექტი განხორციელდა იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, გრანტის მოცულობა კი 85 400 აშშ დოლარს აღემატება. 

აღსანიშნავია, რომ ნარჩენების შემკრები მანქანა ნარჩენების დროულ გატანას მცხეთის მუნიციპალიტეტის 28 სოფლიდან უზრუნველყოფს.

ნარჩენების გადამზიდი ტექნიკა დღეს მცხეთის მუნიციპალიტეტს ოფიციალურად გადაეცა. ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური,  იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა,  ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“  ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირე მასშტაბიან პროექტებს და ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სიღარიბის დაძლევა. 1998 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაფინანსდა 200-ზე მეტი პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 25 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგინა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018