გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ძეგვის თავშესაფარში გამწვანების აქცია გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს. მათ შორის გამწვანების აქციაში ჩაერთნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნიკ ბერესფორდი და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი.
თავშესაფრის ეზოში სხვადასხვა სახეობის 60-მდე ნერგი დაირგო. თავშესაფრის ბენეფიციარებს - მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, მოხუცებულებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს კი დარგვისა და მოვლის წესები ცენტრის წარმომადგენლებმა გააცნეს.
ღონისძიება ჩატარდა „მმართველობის რეფორმის ფონდის“ (GRF) ინიციატივის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შვედეთის მხარდაჭერით.