მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წელი შესრულდა

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილე გოჩა ქავთარაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი ესწრებოდნენ. 

ღონისძიების ფარგლებში, ტრადიციისამებრ, უკვე მეოცედ, გაიცა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმისა და "ილიას ფონდის" მიერ დაარსებული პრემია "საგურამო", ასევე, ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის ილიას მედალი - "მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა". აღსანიშნავია, რომ პრემიის ლაურეატთა ვინაობა 12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების დღეს გახდა ცნობილი. 2022 წლის პრემიის მფლობელები არიან: ჯემალ ინჯია (პოეზია); ზურაბ ლავრელაშვილი (პროზა); ნოდარ გურაბანიძე (კრიტიკა); ელზა ახვლედიანი (თარგმანი); ლევან ჭოღოშვილი (ხელოვნება); ლადო მინაშვილი (ჰუმანიტარული მეცნიერება); სალომე კაპანაძე (საბავშვო მწერლობა); ️ილიას მედალი კი - "მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა" - ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის პოეტ დათო მაღრაძეს გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიის შემდგომ, დამსწრე საზოგადოების წინაშე ანსამბლი "ქართული ხმები" წარდგა შემეცნებით-ლიტერატურული მუსიკალური კომპოზიციით "წუთისოფელი".

ილია ჭავჭავაძე 1837 წლის 8 ნოემბერს, ყვარელში დაიბადა. მწერალმა, საზოგადო მოღვაწემ, პუბლიცისტმა, ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა. წმინდა ილია მართალმა მთელი თავისი სიცოცხლე ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებასა და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას მიუძღვნა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018