მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა ძეგვის ადმინისტრაციული ერთეული, სადაც წელს რამდენიმე პროექტი განხორციელდა.
,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა ძეგვში არსებულ საფეხბურთო მოედანზე გასახდელის მშენებლობა და წითლობისკენ მიმავალ გზაზე გარე განათება მოეწყო. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით მოიხრეშა ნაკურთხევისკენ მისასვლელი გზა და მიმდინარეობს სასაფლაოსკენ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
პროექტით გათვალისწინებულია აღნიშნული გზის ბეტონის საფარით დაფარვა, გზის გასწვრივ სანიაღვრე არხების მოწყობა. მთლიანად 1 200 მ სიგრძის გზის მონაკვეთის კეთილმოწყობაა დაგეგმილი. ასევე, დასრულდა ხეკორძში რამდენიმე მონაკვეთზე, შიდა საუბნო გზების ცემენტო/ბეტონის საფარით მოწყობა, რომელსაც მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,საგზაო 7“ ახორციელებდა.
ძეგვში, კორპუსებთან სპორტული მოედანი შენდება, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტით მიმდინარეობს მონოლითური რკინაბეტონის კედლისა და საძირკვლის მოწყობის სამუშაოები. სპორტული მოედანი სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, დამონტაჟდება ფეხბურთისა და კალათბურთის ფარები, სანათები. გათვალისწინებულია მის მიმდებარე სატრენაჟორო სივრცის მოწყობაც. პროექტს კონტრაქტორი შპს ,,სერვისი 2015“ ახორციელებს.
სოფლებში მოსახლეობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა და რეაბილიტაცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.