მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია გერმანიის ქალაქ შონებეკში
მცხეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ქალაქ შონებეკში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა შონებეკის მერთან, ბერტ ქნობლაუხთან. მხარეებმა ისაუბრეს მცხეთასა და შონებეკს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე სპორტის, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით. მცხეთის დელეგაცია ასევე შეხვდა შონებეკის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებს. შეხვედრის მიზანს ქალაქის ტურიზმისა და მარკეტინგის მიმართულებით გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა. შონებეკის ქალაქთა პარტნიორობის ასოციაციის განცხადებით, მსგავსი სახის შეხვედრები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა ორივე ქალაქსა და მათ მოსახლეობას კიდევ უფრო აახლოებს.
28 სექტემბერი | 2026
სოხუმის დაცემის დღე
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, გივი გიუტაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატთან, დიმიტრი ხუნდაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ელოშვილთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო. “დღევანდელი დღე თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებით მძიმე და ემოციურია. 33 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. ის ტრაგიკული მოვლენები და ჩვენი გმირების თავგანწირვა საქართველოს უახლეს ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შესწირეს. მათი ხსოვნა ჩვენთვის მარადიულია და ჩვენი ვალია, მომავალ თაობებს გადავცეთ მათი გმირობის ისტორია,” - განაცხადა გივი გიუტაშვილმა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლებში - მუხრანში, ძალისში, ციხისძირში, ბიწმენდსა და წეროვნის დევნილთა დასახლებაში, სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, მემორიალები გვირგვინებით შეამკეს. აფხაზეთში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი ასევე მიაგეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ ბუჯიაშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა პირებმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხეთის მერის წარმომადგენლებმა და საკრებულოს დეპუტატებმა.
28 სექტემბერი | 2026
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში ,,ქეთევანობა - მუხრანობის“ დღესასწაული აღინიშნა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში ,,ქეთევანობა - მუხრანობის“ დღესასწაული აღინიშნა. დამსწრე საზოგადოებას დღესასწაული მიულოცეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, მცხეთა-მთიანეთის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, მუხრანის დეპუტატმა, გელა ბაქრაძემ და მცხეთის მერის წარმომადგენელმა მუხრანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზურა მიქელაძემ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, გივი გიუტაშვილი, მერის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ჯონი ბერუაშვილი, საკრებულოს დეპუტატები და მერიის თანამშრომლები. სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები მუხრანში, ქეთევან დედოფლის სახელობის ცენტრალურ სკვერში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების, თანამედროვე და მხატვრული ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა საბავშვო გასართობი და სპორტული აქტივობები, ჩატარდა მცხეთის მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მცხეთის ბენდი „The Light Room“ და ქართული ესტრადის მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე. დღესასწაული გიორგი შოშიტაშვილისა და „ქსოვრელების“ გალა-კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა. საღამოს უძღვებოდა მუსიკოსი, ფოლკლორისტი და ხელოვნებათმცოდნე გია ბაღაშვილი.
28 სექტემბერი | 2026
შეხვედრა სოფელ მისაქციელის სკოლაში
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი გიუტაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზაუტაშვილი, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა სკოლაში შექმნილ ვითარებაზე, სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში გაგრძელებასა და არსებული შენობის განახლების კუთხით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ სკოლა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ პრიორიტეტული სკოლების ნუსხაში განისაზღვრა. სწორედ ამის შემდგომ გახდა აუცილებელი სკოლის შენობის მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლა და ექსპერტიზის ჩატარება. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილთა შეკითხვებს უპასუხეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყველა გადაწყვეტილება ექსპერტთა ოფიციალური შეფასებებისა და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით იქნება მიღებული. შეხვედრას ესწრებოდნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი მურვანიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ნაკლების ჩვენება
28 სექტემბერი | 2026
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018